logo
ENG



პროტესტი ირანში: სკოლის მოსწავლეები მილიტარიზებული დაჯგუფების სპიკერს უყვირიან "წადი, ბასიჯი"

06 ოქტ 202209:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/2zb4xdykqb6ehvh.jpg

სოციალურ ქსელში ირანის საპროტესტო აქციებიდან ახალი ვიდეოები ვრცელდება. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეები მილიტარიზებული დაჯგუფება ბასიჯის სპიკერს უყვირიან. მოსწავლეები თავსაბურავებს ჰაერში იქნევენ და უყვირიან "წადი, ბასიჯი" კაცს, რომელსაც მათთვის უნდა მიემართა. 

ბასიჯი უსაფრთხოების ძალებს  ეხმარებოდა პროტესტის ჩახშობაში, რომელიც დაკავებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით არის გამოწვეული.

სხვა კადრებში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჩანს კაცი, რომელიც ყვირის "სიკვდილი დიქტატორს". გოგოების სხვა ჯგუფი კი მოხსნილი თავსაბურავებით ქუჩაში "თავისუფლება, თავისუფლებას" სკანდირებს, ასაკოვანი ქალი კი მათ ტაშს უკრავს.

ირანის განათლების მინისტრმა სკოლებსა და უნივერსიტეტებზე თავდასხმაში "მტერი" დაადანაშაულა. ამავე დროს, გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ხელისუფლება მზად უნდა იყოს, დაუპირისპირდეს ახალგაზრდა ირანელების პროტესტს, რომლებიც, მისი თქმით, ინტერნეტთან კონტაქტის გამო "ხაფანგში" მოხვდნენ.

ინტერნეტში გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ გოგოები ყვირილით გარბიან კაცისგან, სავარაუდოდ უსაფრთხოების ძალების თანამშრომლისგან, რომელიც ტროტუარზე მოტოციკლით გადაადგილდება.

ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. 13 სექტემბერს ქალი ჰიჯაბის "არასწორად ტარებისთვის" მორალის პოლიციამ დააკავა, რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს, სამ დღეში კი გარდაიცვალა. უფლებადამცველები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი პოლიციამ დაკავებისას სასტიკად სცემა.

საპროტესტო აქციები ირანის ჩრდილო-დასავლეთში დაიწყო და მალევე მოედო მთელ ქვეყანა. დემონსტრაციების სათავეში ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად თავსაბურავებს იხსნიან და თმას იჭრიან. ირანელი ქალების ბრძოლის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

ირანის ხელისუფლება ახალგაზრდა ქალის სიკვდილთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მას "გულის პრობლემები" ჰქონდა. ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ცდილობენ და დემონსტრანტებს არბევენ. ქვეყანაში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდულია, ხოლო დასავლურ მედიებს ადგილზე მუშაობა შეზღუდული აქვთ. ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა.


close დახურვა